თარგმანი როგორც ხელოვნება

Translation art

თანამედროვე ეპოქაში, დროის, კომუნიკაციისა და კავშირების აჩქარება და გახშირება ტექნოლოგიურმა სიახლეებმა გამოიწვია. მანძილი შემოკლდა და პლანეტის სხვადასხვა წერტილში მყოფი ადამიანები „სინათლის სისწრაფით“ ახერხებენ კონტაქტის დამყარებას. ენობრივი ბარიერი ნაწილობრივ წაშალა ავტომატური თარგმნის პროგრამებმა. თუმცა, დიდად დახვეწილმა და განვითარებულმა ტექნოლოგიებმა მაინც ვერ შეძლო საბოლოოდ ადამიანის ფაქტორის ჩანაცვლება. ოფიციალური შეხვედრების, მოლაპარაკებების და მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებისას არსებითი მნიშვნელობა ზუსტ თარგმანს ენიჭება.

გამოცდილი თარჯიმნები მიიჩნევენ, რომ თარგმანი ხელოვნებაა. გამოცდილების მიღებას და საკუთარი საქმიანობის შემოქმედებამდე აყვანას წლები სჭირდება. ზუსტად, რომ გადმოვცეთ თარჯიმნის საქმიანობა, ეს არის ერთ ენაზე სიტყვებით შექმნილი სურათის მეორე ენის სიტყვებით გადმოცემა და შესაფერისი შთაბეჭდილების შექმნა. ამავდროულად ფერთა გამის შენარჩუნება რაც შინაარსის, ჟღერადობის, კონტექსტის აღქმის საშუალებას მოგვცემს. ეს პროცესი სიტყვების ნაკადს შემოქმედებითი პროცესის ფარგლებში აქცევს. 

თარჯიმნის უპირველესი ამოცანაა ნათქვამის/დაწერილის  გააზრება, ხასიათის ამოცნობა და მეორე მხარისთვის გასაგებ ენაზე მიწოდება. სწორედ ამიტომ ეწოდება თარგმნას ხელოვნება. თარჯიმანი წარმოადგენს ხიდს განსხვავებული კულტურის, ეროვნებისა და რელიგიის მქონე ადამიანებს შორის. ნებისმიერი სიტყვიერი თუ წერილობითი მასალა მორგებულია  იმ ენობრივ და სალიტერატურო ნორმებს, რომელზეც დაიწერა და ჩამოყალიბდა სათქმელი. ხშირად შეიძლება შეგვხვდეს იდიომატური გამონათქვამები, რომლის პირდაპირი თარგმანი სრულ გაუგებრობას გამოიწვევს. თარჯიმანმა ზუსტად უნდა აღიქვას შინაარსი და მეორე მხარეს გადასცეს უშეცდომოდ.

თარგმანი ითვლება ხელოვნებად, რადგან მთარგმნელ/თარჯიმანს აქვს შესაძლებლობა პროცესი შემოქმედებითად აქციოს. მოსაუბრის/ადრესატის ენაზე, ლექსიკური მარაგით შექმნას დასამახსოვრებელი, ფერწერული ტილოს მსგავსი,  სიტყვებით ნახატი სურათი. ხანდახან ძალიან რთულია გაიგო რას გულისხმობენ ადამიანები მშობლიურ ენაზე როდესაც თარგმანი გაუაზრებლადაა შესრულებული. ამიტომ თარგმნა გახლავთ ერთ-ერთი ურთულესი პროფესია, რომელიც შემოქმედებითობას მოითხოვს, თუმცა შემოქმედებაზე ფიქრისას დარგობრივი კავშირების ძიებისას პირველი შეიძლება თარგმანი არ გაგვახსენდეს. მაგრამ კარგი თარჯიმნის/მთარგმნელის შემოქმედება  ყოველთვის წარმოადგენს ბალანსს მრავლობით კულტურას, ენასა და ნააზრევს შორის.